სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გაიმართა გალა დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციებში.
სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა, სპორტის პოპულარიზაციაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ოლიმპიური მედლით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა სპორტული ჟურნალისტი ირაკლი თავაძე, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საგზური გადასცა სპორტულ ჟურნალისტს ლაშა გოდუაძეს.
დამსწრე საზოგადოებას, პროფესიული დღე ვიდეომიმართვით მიულოცა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) პრეზიდენტმა ჯანი მერლომ.