IOC სპორტში ქალების დასაცავად სამუშაო ჯგუფს აყალიბებს

04 ივლისი 2025

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (IOC) სპორტში ქალთა უფლებების დასაცავად სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს.

„აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრი და IOC-ის წევრები, რომლებთანაც ეს საკითხი განვიხილეთ, სპორტში ქალების დასაცავად მზად არიან, - განმარტავს IOC-ის პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი, - ხელი უნდა შევუწყოთ საერთაშორისო ფედერაციების წევრების და ექსპერტების ძალისხმევის გაერთიანებას და შეთანხმების უზრუნველყოფას. გვესმის, რომ სპორტის სახეობების მიხედვით იქნება განსხვავებები. როგორც არ უნდა იყოს, სპორტში ქალების  დასაცავად მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. IOC-მა ამ პროცესში მოწინავე როლი უნდა ითამაშოს."

ქალთა სპორტში არსებულ პრობლემებზე დისკუსია განსაკუთრებით შარშან გააქტიურდა.  IOC-მა პარიზის ოლიმპიურ თამაშების მოკრივეთა ტურნირზე ალჟირელი იმან ჰელიფის და ტაივანელი ლინ იუიტინის მონაწილეობა მისაღებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათ გენდერული ტესტი ვერ გაიარეს, აღმოაჩნდათ რა ტესტოსტერონის მომატებული დონე. ალჟირელმაც და ტაივანელმაც პარიზის თამაშებზე, შესაბამისად, 66 და 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში ოქროს მედლები მოიპოვეს.