საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ევროპული წარმატება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მეტად წარმატებული გამოდგა კაორლეში(იტალია) გამართული 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში მედლის მოპოვება შეძლო, სამჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია ალექსანდრე რუსიტაშვილმა (72 კგ), რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მომავალმა ჩემპიონმა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში სომხეთის წარმომადგენელი გასპარ ტერტერიანი დაძაბულ შეხვედრაში 4-3 დაამარცხა.
ოქროს მედალი ერგო ანრი ფუტკარაძესაც (77 კგ), რომელიც ასევე ყველა ორთაბრძოლიდან გამოვიდა გამარჯვებული. ფუტკარაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ დავუდ მამადოვს აჯობა.
ჩვენს გუნდს მესამე ოქროს მედალი შესძინა ლუკა კოჩალიძემ (87 კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე აბდურახმან აბდულკადიროვს იოლად - 8-0 მოუგო და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
გუნდურ ჩათვლაში დასაწინაურებლად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბრინჯაოს მედალოსნებმა - კობა ქარუმიძემ (55 კგ), ვახტანგ ლოლუამ (60 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და საბა ფურცელაძემ (130 კგ).
საბოლოოდ, რევაზ ლაშხის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით 135 ქულა დააგროვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. მეორე და მესამე ადგილებზე აზერბაიჯანი და უკრაინა გავიდა.