საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სეოკ-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე, მზადების პროცესში სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ უკვე შესრულებულია წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, მოეწყო შეხვედრები შესაბამისი ფედერაციების წარმომადგენლებთან, საინფორმაციო წერილები დაეგზავნა რეგიონების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებს, სეოკ-ის ხელმძღვანელები შეხვდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს, შემუშავდა ფესტივალის დებულების პროექტი, მალე მუშაობას შეუდგება საორგანიზაციო ჯგუფი.
სეოკ-ის ინიციატივით და ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს, რეგიონული და მუნიციპალური ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების მხარდაჭერით, ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს. სპორტის 15-16 სახეობაში ჯერ გაიმართება მუნიციპალური და რეგიონალური შეჯიბრებები, ბოლოს კი - დასკვნითი ფინალური ტურნირი, რომელსაც ივნისის პირველ რიცხვებში ბათუმი უმასპინძლებს.
ოლიმპიური ფესტივალი - ,,მომავალი ოლიმპიელები" ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებას, სპეციალიზებული სპორტული სკოლების როლისა და მნიშვნელობის ამაღლებას, ყველა დონის რეგიონალური და მუნიციპალური ადმინისტრაციის მოტივაციის გაზრდას, კონტინენტური ახალგაზრდული ფესტივალისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის რეზერვების მომზადებას.
შემდგომ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება ყოველ ორ კენტ წელიწადში ერთხელ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე.