საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 20 - წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონობა იზეიმა

06 ივლისი 2025

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შთამბეჭდავად იასპარეზა კაორლეს (იტალია) 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.

ჩემპიონობა პირველმა იზეიმა დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ), რომელმაც ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა მოიგო, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი 10-0 აჯობა აზერბაიჯანელ მურადხან ომაროვს და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ოლიმპიური ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის უმცროს ძმას, კონსტანტინე პეტრიაშვილს (97 კგ) - მანაც ფინალამდე გაიკვალა გზა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი საფრანგეთის წარმომადგენელი აშაბ დადაევი ადვილად 10-0 დაამარცხა და 20- წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე წარმატებით იასპარეზა დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ), რომელიც ყველა ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი თურქი აჰმეტ იაგანს 3-1 მოუგო და საერთაშორისო ასპარეზზე პირველ დიდ წარმატებასაც მიაღწია.

ახლოს იყო ჩემპიონობასთან ნიკა ზანგალაძე (57კგ), მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში 6-9 დამარცხდა აზერბაიჯანელ ვასიფ ბაგიროვთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ნაკრების წარმატებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და შედეგიანი გამოსვლა ჰქონდათ გოგა ოთინაშვილს (70 კგ), საბა ღამბაშიძეს (61 კგ) და მძიმეწონოსან ალექსანდრე აბრამიშვილს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონობაც იზეიმა.