ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

20 ივლისი 2025

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ტრადიციისამებრ შედგა დელეგაციათა აღლუმი. ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მსაჯებმა, ასევე აღიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა და დაინთო ოლიმპიური ცეცხლი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტვით მიმართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი და საქართველოს დელეგაციის წევრები.

ცერემონია გაგრძელდა მუსიკალური და სხვადასხვა სანახაობრივი პროგრამით.

21-დან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

შეჯიბრებების ძირითადი ნაწილი სკოპიეში გაიმართება, რამდენიმე სპორტის სახეობაში კი ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველოსპორტი), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

სპორტული ასპარეზობები 21 ივლისის დილიდან დაიწყება. პირველ დღეს საქართველოს ნაკრები გუნდიდან შვიდი სპორტსმენი იასპარეზებს: ბადმინტონის ტურნირში დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე ჩაერთვებიან, ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღებენ მონაწილეობას, სიგრძეზე მხტომელთა შესარჩევ ეტაპზე ლიზი მუღალაშვილი გამოვა, ტყვიის მსროლელთა კვალიფიკაციაში კი სანდრო ხოსიტაშვილს და ლიზი აღნიაშვილს ვიხილავთ.