ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები გუნდიდან შვიდმა სპორტსმენმა იასპარეზა

21 ივლისი 2025

21 ივლისს, ევროპის მეთვრამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს, ჩვენი ნაკრებიდან ასპარეზობა პირველებმა მოცურავეებმა დაიწყეს: ანასტასია მიქელაშვილმა და სალი შჩერბაევამ 100 მეტრზე თავისუფალი სტილით სცადეს ძალები. ანასტასია მიქელაშვილმა დისტანცია 1:01.31, სალი შჩერბაევამ კი 1:02.33 წუთში დაფარა. სამწუხაროდ, ეს შედეგები ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მძლეოსნებიდან იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ლიზი მუღალაშვილმა, რომელიც მეორე ჯგუფში გამოდიოდა თორმეტ მოწინააღმდეგესთან ერთად. მისი საუკეთესო შედეგი 5 მეტრი იყო, სამწუხაროდ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

დღესვე იასპარეზეს ბადმინტონისტებმა დანიელ ვაგარშაკიანმა და ქეთევან წამალაიძემ. დანიელ ვაგარშაკიანმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე ესპანელი იყო. მეტოქემ ორ სეტში გაიმარჯვა - 21:10 და 21:11. რამდენიმე საათის შემდეგ დანიელი გერმანელ მეტოქეს დაუპირისპირდა ეს შეხვედრაც მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა - 5:21 და 11:21. დანიელს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი აქვს დარჩენილი, რომელსაც ხვალ გამართავს. ქეთევან წამალაიძე უნგრელ მოწინააღმდეგესთან 6:21 და 4:21 - დამარცხდა. ხვალ მას სამი დაპირისპირება ელის.

დღეს ტყვიის სროლაში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში წყვილებმა გაითამაშეს მედლები. საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზეს ლიზი აღნიაშვილმა და სანდრო ხოსიტაშვილმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ 381.8 ქულა მოაგროვეს და ოცდაორ წყვილს შორის მე-12 ადგილი დაიკავეს . ლიზის და სანდროს ხვალ იგივე დისტანციაზე პირადი პირველობა ელით.

,,სკოპიე 2025"-ის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს გუნდიდან იასპარეზებენ: მაგიდის ჩოგბურთელები - ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და მარიამ გორგაძე, მოცურავე -სალი შჩერბაევა, ტყვიის მსროლელები - სანდრო ხოსიტაშვილი და ლიზი აღნიაშვილი, ძიუდოისტები- საბა ბოლქვაძე და ალექსი გულუა, ველოსპორტსმენები- ლუკა მაზმიშვილი, მათე ფირანიშვილი და ზურა კილაძე.