მეორე მედალი ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე: ვახტანგ ჭიაბერაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

24 ივლისი 2025

სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მეორე მედალი მოიპოვა: 60კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ძიუდოსტი ვახტანგ ჭიაბერაშვილი. ერთი დღით ადრე, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბოლქვაძემ (ძიუდო, -50კგ).

ნახევარფინალამდე ჭიაბერაშილმა დაამარცხა ბერძენი, სლოვენიელი და ნიდერლანდელი მოწინააღმდეგეები. ნახევარფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლის შეხვედრაში კი შვეიცარიელი მეტოქეს სძლია.

სამწუხაროდ, არ გაუმართლა ძიუდოისტთა გუნდის მეორე წევრს გიორგი ბაბუციძეს, რომელმაც -66კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ჯერ დაამარცხა თურქეთის და დანიის წარმომადგენლები, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალი დათმო სერბ მოწინააღმდეგესთან. დამამშვიდებელ წრეში კი რეპეშაჟის ნახევარფინალში დამარცხდა უნგრეთის წარმომადგენელთან.

დღეს კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, მარიამ წურწუმიამ (-48კგ) იასპარეზა, თუმცა ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გერმანელ მეტოქესთან.

დღეს კიდევ ერთხელ იასპარეზეს ტყვიის მსროლელებმა, თუმცა ამჯერად ახალ დისციპლინაში, სოლოში: სანდრო ხოსიტაშვილი 25-ე ადგილზე გავიდა, ლიზი აღნიაშვილმა კი მე-10 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა წევრებს: ანასტასია მიქელაშვილმა და სალი შჩერბაევამ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურეს. მიქელაშვილმა დისტანცია 2:13.62 წუთში დაფარა, შჩერბაევამ კი ეს დრო აჩვენა - 2:14.06. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია მიქელაშვილმა შვიდ მეტოქეს აჯობა და გაცურვა პირველ ადგილზე დაასრულა, საერთო შედეგებით მომდევნო ეტაპზე მაინც ვერ გადავიდა.

დღეს დაიწყეს ასპარეზობა ტაეკვონდოისტებმა: ვიოლა ცეცხლაძე (44კგ.) ჩეხ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, ხატია გაროზაშვილი (48 კგ.) საბერძნეთის წარმომადგენელთან, ფეხის ტრავმის გამო ვერ იასპარეზა მათე კვანტიძემ (48 კგ.)

მაგიდის ჩოგბურთელებმა გუშინ დაწყებული ჯგუფური ეტაპი დაასრულეს. ნიკა ჩხარტიშვილი დილით პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა - 0:3 (2:11, 5:11, 3:11), შუადღით კი ლიეტუველს - 1:3 (3:11, 7:11, 11:8, 9:11). ნიკა ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ასევე მესამე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი მარიამ გორგაძემ, მას შემდეგ, რაც უნგრეთის წარმომადგენელთან დამარცხდა - 0:3 (11:13, 7:11, 8:11).

დღეს იასპარეზეს ტანმოვარჯიშეებმა, შეჯიბრებას ხორვატიის ქალაქი ოსიეკი მასპინძლობს, სადაც დღეს ჩვენი გუნდის სამივე წევრმა იასპარეზა: მარია ჟვანიამ, მარიამ პატარიძემ და ლიზი გვალიამ. სამწუხაროდ, გოგონებმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

24 ივლისს ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ: ძიუდოისტები - ნანა გულბიანი (-63 კგ.), ვასილ გამეზარდაშვილი (-73კგ.) , გიორგი მუმლაძე (-81 კგ.) , ტაეკვონდოისტები- ანასტასია გურეშიძე (-55კგ.) , საბა ბეგიაშვილი ( -63 კგ.), თეიმურაზ უკლება (-55 კგ.) , ბადმინტონისტები- დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე, მაგიდის ჩოგბურთელები-ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, მარიამ გორგაძე, მძლეოსანი- მათე მეჯიდოვი, ველოსპორტსმენები- ლუკა მაზმიშვილი, მათე ფირანიშვილი, ზურა კილაძე.