ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია

26 ივლისი 2025

26 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში საზეიმოდ დაიხურა ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

დახურვის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იყვნენ: ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი - ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე და მძლეოსანი ლიზი მუღალაშვილი.

ოლიმპიური ფესტივალის ბოლო საშეჯიბრო დღეს მერვედფინალიდან იასპარეზა ძიუდოს შერეულმა ნაკრებმა გუნდმა, სადაც 4:0 დაამარცხა ლიეტუვა. ქართველებმა უკრაინელებსაც დამაჯერებლად აჯობეს - 4:1, ნახევარფინალში კი სერბეთის ნაკრებთან იმავე ანგარიშით დამარცხდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგებთან დათმეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში - 3:4.

ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში იასპარეზა 49 ქვეყნის 3000 - ზე მეტმა სპორტსმენმა. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში

(ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) მონაწილეობდა 36 სპორტსმენი.

აღნიშნულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა 7 მედალი მოიპოვა: 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ძიუდოისტები: ვასილ გამეზარდაშვილი და გიორგი ზურაბაშვილი, ტაეკვონდოისტი ნიკა ღოღობერიძე, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა: საბა ბოლქვაძემ, ვახტანგ ჭიაბერაშვილმა, გიორგი მუმლაძემ და იოანე აბალაკმა.