ანრი ფუტკარაძემ და ლუკა კოჩალიძემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს

24 აგვისტო 2025

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც სამოკოვი (ბულგარეთი) მასპინძლობდა, ორჯერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შორს ევროპის მოქმედი ჩემპიონები, ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) წავიდნენ.

ფუტკარაძე ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაება. გაიმარჯვა ყაზახ, ამერიკელ და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მეტოქეებთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ირანელი მალეკ ბოუვეირი პიანი 9-1 დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

კვალიფიკაციიდან შეუდგა ჭიდაობას კოჩალიძე. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მოუგო სერბ, უკრაინელ, სომეხ და ფინელ მოწინააღმდეგეებს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე აბდურახმან აბდულკადიროვს დაუპირისპირდა და 2-1 მოუგო.

ბრინჯაოს მედლით გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ვახტანგ ლოლუამ (60 კგ), რომელიც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქ ომერ ალტას იოლად - 9-0 გაუმკლავდა.

აღსანიშნავია, რომ ლოლუამ წლეულს ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატიც ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა უფროსებშიც.