ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თითო ოქროს და ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები სოფიის მსოფლიო ჩემპიონატს წარმომადგენლობითი გუნდით ეწვია - ათ-ათი გოგო და ბიჭი. მათ შორის, ექვსმა მედალი მოიპოვა, აქედან ერთი გოგონათა ნაკრების ანგარიშზეა. აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი ჰქონდა იოანე აბალაკს (+90 კგ). მძიმეწონოსანმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელი კაიტო ტოკიტასთან, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, იპონით გაიმარჯვა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა გიორგი ქარჩაძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელი კანტა ეიამას ვაზარით მოუგო.
ჩემპიონობასთან ახლოს იყო გიორგი მუმლაძე (-81 კგ), მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ ინომჯონ ბახოდიროვთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ), გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) და გოგონათა ნაკრების წევრმა ქეთი რობაქიძემ (70 კგ).






