საჩხერეში გიორგი ასანიძის 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ძალოსნობის ტურნირი გაიმართა

01 სექტემბერი 2025

29-30 აგვისტოს , საჩხერეში მდებარე  პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სამთო მომზადების სკოლის სპორტულ კომპლექსში გაიმართა  ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის იუბილესადმი მიძღვნილი ძალოსნობის ტურნირი (U23),  სადაც იასპარეზა საქართველოს 12 რაიონის 80-მდე ძალოსანმა, გამარჯვებულ-პრიზიორები ასევე გამოვლინდნენ გუნდურ ჩათვლაშიც.

გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად იმართება, წლევანდელი წელი კი გამორჩეული იყო, რადგან  სახელოვანი ძალოსანის გიორგი ასანიძის 50 წლის იუბილეს დაემთხვა.

ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელიც 30 აგვისტოს  გაიმართა, დაესწრნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სეოკ-ის იმერეთის რეგონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, საჩხერის მინუციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის ხელმძღვანელები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუმრებმა გიორგი ასანიძეს გადასცეს  სამახსოვრო საჩუქრები.

ოლიმპიურ ჩემპიონს, გიორგი ასანიძეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის საიუბილეო მედალი გადასცა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

სეოკ-ის იმერეთის  რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ გიორგი ასანიძეს 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების  საიუბილეო მედალი გადასცა, რომელიც სპეციალურად ათენის ზაფხულის თამაშებისთვის გამოიცა. 

გიორგი ასანიძე:  ძალოსნობაში ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004), სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000), მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995), მსოფლიო რეკორდსმენი, საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი(1998, 2000, 2001), სპორტის რაინდი, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების კავალერი.