ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გაინაღდა

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერმა ლაშა გურულმა (65 კგ) ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი დაიბევა.
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის მფლობელი მსოფლიო რინგზე ასპარეზობას მეთექვსმეტედფინალიდან შეუდგა. 5-0 დაამარცხა საუდის არაბეთის წარმომადგენელი მოუსა ალ-ჰავსავი. მერვედფინალში ასეთივე ანგარიშით მოუგო ირლანდიელ დინ კლენსის და მეოთხედფინალში გავიდა. აქ ინდოელ აბინაშ ჯამვალი 4-1 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიბევა.
ქართველ მოკრივეს ნახევარფინალში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან, უზბეკ ასადხუჟა მუიდინხუჟაევასთან მოუწევს ორთაბრძოლა. მათი შეხვედრა 12 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან გიორგი ყუშიტაშვილს (85 კგ), რომელიც 12 სექტემბერს მეოთხედფინალში უკრაინელ დანილო ჟასანს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე შვიდი მოკრივით გაემგზავრა. სამწუხაროდ, ასპარეზობას გამოეთიშნენ სახილ ალახვერდოვი (50 კგ), არტუშ გომციანი 60 კგ), ლუკა ნიქაბაძე (70 კგ), გიორგი ნატროშვილი (75 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (90 კგ).
მსოფლიო ჩემპიონატზე 66 ქვეყნის 540 სპორტსმენია წარმოდგენილი. მათ შორის 17 მოკრივე პარიზის ოლიმპიური თამაშების მედალოსანია.