სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

12 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები,ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (2026 წლის თებერვალი, იტალია) მზადების მიმდინარეობის შესახებ აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა მარიამ გიორგობიანმა. მან იასაუბრა ფიგურულ ციგურაობაში ბოლო სამი სპორტული სეზონის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ოლიმპიური სეზონის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. ასევე საოლიმპიადო სამზადისს და მოსალოდნელ ლიცენზიანტებს ეხებოდა სათხილამურო სპორტისა და ციგაობის ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელების - ზურაბ კოსტავას და კახა ქუმარიტაშვილის ინფორმაციაც.
სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა წარადგინა ანგარიში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა
გამოსვლის შედეგების შესახებ, საქართველოს სპორტსმენებმა სკოპიეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 7 მედალი მოიპოვეს - 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოსი.
2026 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისათვის მზადების მიმდინარეობის საკითხები, გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმა აღმასკომის წევრებს გააცნეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
სხდომას ესწრებოდა სპორტის მინისტრის მოადგილე, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ირაკლი დოლაბერიძე, რომელმაც სპორტის სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა სეოკ-ის მნიშვნელოვან პროექტს - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.
დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.