ვახტანგ ლოლუამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, გელა ბოლქვაძემ - ვერცხლის

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წარმომადგენელმა ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალამდე გაიკვალა გზა. აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია უმსუბუქესი წონითი კატეგორიის ფალავანმა ვახტანგ ლოლუამ (55 კგ).
მომავალი ჩემპიონი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. მოუგო ჩინელ, რუმინელ და თურქ მეტოქეებს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ ფარზად აჰმად ბალოოტაკისთან დაძაბულ შეხვედრაში 9-7 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ლოლუამ მიმდინარე სეზონში სადაც კი იასპარეზა, ყველგან მედალი მოიპოვა. ზაგრების მსოფლიო პირველობამდე ბრინჯაოს მედალი აიღო ევროპის ჩემპიონატზე. ასევე ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა 20-წლამდელებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით 82 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ორი ბრინჯაოს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გელა ბოლქვაძეც მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას. მოუგო უკრაინელს, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს და იაპონელ მოწინააღმდეგეს, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ მეტოქესთან 0-4 დამარცხდა.