ანასტასია გუბანოვამ მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

20 სექტემბერი 2025

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების სალიცენზიო მონაგარი სრულად შეივსო. ამჯერად 2026 წლის მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა ანასტასია გუბანოვამ.

პეკინში, მოციგურავეთა სალიცენზიო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა ანასტასია გუბანოვამ. 

ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე, იგივე სავალდებულო პროგრამაში მსაჯებისგან მეორე საუკეთესო შეფასება - 68.08 ქულა დაიმსახურა. გუბანოვამ ტექნიკურად უშეცდომოდ, მაღალი კომპონენტური მაჩვენებლებით შეასრულა თავისუფალი პროგრამაც და აქაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა (138.15). 

ვერცხლის მედალი და ოლიმპიური ლიცენზია ერგო ორივე პროგრამის ჯამშიც (206.23). 

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად საუკეთესო ხუთეულში შესვლა იყო საჭირო.

შედეგად, საქართველოს ოთხივე კატეგორიაში (ქალთა და კაცთა ერთეულები, წყვილები და სპორტული ცეკვები) მოპოვებული აქვს XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, რაც ჩინებული შედეგია. გარდა ამისა, მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობისა და მსოფლიო გუნდური რეიტინგის გათვალისწინებით, ჩვენი ნაკრები დიდი ალბათობით მოიპოვებს გუნდურში ასპარეზობის უფლებასაც.