ქვიშის ჭიდაობაში 17 და 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

კატერინში (საბერძნეთი) ქვიშის ჭიდაობაში 17 და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 14-კაციანი გუნდით იასპარეზა და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.
განსაკუთრებით გამოსარჩევია 17-წლამდელთა გუნდი, რომელმაც ოთხ წონით კატეგორიაში ამდენივე მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ რატი ბერიძეს (60 კგ), ნურადინ მუსტაფაევს (80 კგ) და ჯონი შაორშაძეს (90 კგ), რომლებიც სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდნენ, შესაბამისად, უკრაინელ, აზერბაიჯანელ და ირანელ მოწინააღმდეგეებთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბიძინა ჯინჭარაძემ (70 კგ). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ფალავნით იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ზურაბ მუმლაძემ (80 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდაველ გაბრიელ ოჟოგთან დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.