კირსტი ქოვენთრი: „ოლიმპიურმა თამაშებმა დიდი როლი უნდა ითამაშოს დღევანდელ სამყაროში"

01 ოქტომბერი 2025

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველი ქალი პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი ოლიმპიურ მოძრაობაზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

IOC-ის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, შეძლოს და ოლიმპიურ მოძრაობას დაუბრუნოს ყველაფერი, რაც მისგან მიიღო. ასევე სურს დაეხმაროს სპორტსმენებს როგორც აქტიურ სპრტში ყოფნის პერიოდში, ასევე  კარიერის დასრულების შემდეგ. აცხადებს, რომ სურვილი აქვს, როგორც დაინტერესებულმა მხარეებმა, ერთად იმუშაონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ახალგაზრდა თაობისთვის თამაშები კვლავაც დარჩება შთაგონების წყაროდ. განსაკუთრებით დღეს, ამ გახლეჩილ სამყაროში, სადაც ათლეტებს შეუძლიათ კაცობრიობის საუკეთესო მხარე წარმოაჩინონ.

მილანი/კორტინა -2026: აქცენტი მემკვიდრეობაზე

ქოვენთრი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიას სტუმრობდა, რათა უშუალოდ გაცნობოდა მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას.

„იტალია ცნობილია თავისი ლანდშაფტებით, ულამაზესი პეიზაჟებით, ოჯახური სითბოთი, იმ ვნებით, რაც იტალიელებს აქვთ სპორტის მიმართ. ისინი მზად არიან მოაწყონ შოუ. ეს იქნება შესანიშნავი სანახაობა."

ვიზიტის დროს ის აღფრთოვანებული დარჩა მილანის პორტა რომანას რაიონში თითქმის დასრულებული ოლიმპიური სოფლით. ეს სოფელი, სადაც თამაშების პერიოდში ათლეტები დაბინავდებიან, მოგვიანებით გადაკეთდება სტუდენტურ საცხოვრებლად და ბინებად.

ქოვენთრიმ ასევე შეაქო პროგრესი სანტა ჯულიას ყინულის ჰოკეის არენაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ობიექტია და თამაშების დასრულების შემდეგ, საზოგადოების სამსახურში ჩადგება. IOC-ის პრეზიდენტმა ორივე პროექტს ქალაქისა და ქვეყნისთვის „შთამბეჭდავი მემკვიდრეობა" უწოდა.

ყურადღების ცენტრშია კიდევ ერთი არსებული ობიექტი - კორტინაში მდებარე ისტორიული სასრიალო ცენტრი, სადაც ბობსლეიში, ციგაობასა და სკელეტონში უმასპინძლებენ შეჯიბრებებს. ასწლოვანი ტრეკი მნიშვნელოვნად განახლდა, თუმცა ხარჯებისა და ვადების გამო კრიტიკული კითხვებიც გაჩნდა.

ქოვენთრი დარწმუნებულია, რომ თებერვლამდე ყველა პრობლემა მოგვარდება, მათ შორის მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, თამაშები კი წარმატებით ჩაივლის.

გამოწვევები და პოლიტიკური საკითხები

გეოპოლიტიკური კლიმატი კვლავ გავლენას ახდენს ოლიმპიურ დღის წესრიგზე. IOC-მა დაადასტურა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2026 წლის თამაშებში ნეიტრალურ სტატუსით წარდგებიან. მათ არ ექნებათ გუნდურ სახეობებში გამოსვლის უფლება. ამავდროულად, უარყოფილია მოწოდებები ისრაელის სპორტსმენების გარიცხვაზე.

ქოვენთრი ღიად საუბრობს დღევანდელ მსოფლიოში ოლიმპიური თამაშების ფართო როლზე. მისი თქმით, „ოლიმპიური თამაშები ყოველთვის უნდა იყოს მშვიდობის ძალა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მსოფლიო სულ უფრო დაყოფილია." მისთვის თამაშების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად რჩება სპორტსმენები, მათი ისტორიები, ღირებულებები და გავლენა გლობალურ აუდიტორიაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებზე.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი მიზანი იქნება  ყოველივე საუკეთესოს წარმოჩენა. ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობა ჩვენგან ამას ელოდება. მათ სურთ, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი. მათ სურთ, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით. როგორც ვთქვი, ჩვენი სპორტსმენები არიან ყველაფრის შუაგულში, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მეტი გვმართებს მათი უკეთესი მხარდაჭერისთვის, მათი ისტორიებისთვის სინათლის მოსაფენად".