ვიქტორ სანეევი - 80

03 ოქტომბერი 2025

3 ოქტომბერს, 80 წელი შეუსრულდებოდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს, ლეგენდარულ მძლეოსანს ვიქტორ სანეევს.

ვიქტორ სანეევის დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვიქტორ სანეევის ყოფილი საცხოვრებელი სახლის ფასადზე (ვაკე, ფალიაშვილის №66, I სადარბაზო) გაიხსნა მემორიალური დაფა, შემდეგ კი ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა ვიქტორ სანეევის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ასახულია ვიქტორ სანეევის სპორტული კარიერის საკვანძო მომენტები. ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით და მხარდაჭერით გადაღებული ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევისადმი მიძღვნილი ფილმის - ,,სოხუმი-თბილისი-სიდნეი" ჩვენება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია გოგი თორაძე, კონსულტანტი - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია.

ღონისძიებას დაესწრენენ და სახელოვანი მძლეოსნის ბრწყინვალე სპორტული კარიერა გაიხსენეს სპორტული უწყებების ხელმძღვანელბმა, ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზორებმა, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა, ღვაწლმოსილმა ჟურნალისტებმა, სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებას უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სტუმრად ეწვია და აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო ვიქტორ სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია. ქალბატონმა იანამ მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ვიქტორ სანეევის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ისაუბრა ვიქტორ სანეევის სახელოვან სპორტულ გზაზე, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბებაში, გაიხსენა 20 წლის წინანდელი ამბები, როცა სეოკ-ის მოწვევით, ვიქტორ სანეევი ოჯახთან ერთად ერთი კვირით სტუმრობდა საქართველოს მისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით . ,,ეს მრავალმხრივ საინტერესო ღონისძიება მოეწყო სეოკ-ის და მისი მაშინდელი პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით. საქართველომ მართლაც ღირსეული პატივი მიაგო თავის დიდ სპორტსმენს, ადამიანს, რომელმაც ასე სახელოვნად განვლო თავისი სპორტული და და ცხოვრებისეული გზა. სამწუხაროა, რომ ვიქტორ სანეევი ვერ მოესწრო თავის 80 წლის იუბილეს და მის გარეშე აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს."

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში. მძლეოსანი, სამმხტომელი, მეხიკოს, მიუნხენის და მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული, სსრკ ექვსგზის ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, სსრკ ხალხთა V და VI სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი , მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი , სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი, საუკეთესო პირადი შედეგი _ 17,44 მ, საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, სოკ-ის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე. გარდაიცვალა 2022 წლის 3 იანვარს სიდნეიში (დაკრძალულია იქვე).