ლევან ქელეხსაშვილი და მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

20 ოქტომბერი 2025

ალექსანდრიაში, სადაც ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიათა ფინალს უმასპინძლეს, ჩემპიონები გამოვლინდნენ. ოთხი წონითი კატეგორიიდან ორში მსოფლიო ჩემპიონობა საქართველოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ქართველი სპეციალისტი.

2025 წლის სეზონის შედეგების გათვალისწინებით, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

ქელეხსაშვილმა მსოფლიო სერიათა მე-5 და დასკვნითი ეტაპის ფინალში უკრაინელი ოლექსი ბორუტა 2-1 დაამარცხა, საერთო ჩათვლაში 4000 ქულა მოაგროვა და სხვათათვის მიუწვდომელი გახდა.

კორძაიამ გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 მოუგო უკრაინის სახელით მოასპარეზე ვაჟა დაიაურს, რისთვისაც ასევე 4000 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.  გარდა ამისა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯემალ კილაძე ქვიშის ჭიდაობაში 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ჯემალ კილაძის შეგირდებმა ალექსანდრიაში გამართულ ფინალურ ტურნირამდე, მსოფლიო სერიების ეტაპებზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს,

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს კილაძის ხელმძღვანელობით, ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე კი - 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ამასთან ერთად, საქართველოს 17-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრები წელს გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა,  ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.