საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

24 ოქტომბერი 2025

ნოვი სადში (სერბეთი) დასრულებული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ათი წონითი კატეგორიიდან სამში მედლის მოპოვება შეძლო.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ანრი ხოზრევანიძეს (67 კგ). მომავალ ფინალისტს შორის გზის გავლამ მოუწია - ასპარეზობას მეთექვსმეტედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში ბოლოს აღებული ქულით დაამარცხა კუბელი მოწინააღმდეგე (2-2). შემდეგ მოუგო იტალიელს (6-5), ირანელს (5-4), ნახევარფინალში გასული კი ასევე ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით, ნეიტრალურ ათლეტს (1-1) გაუმკლავდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრეჰიმთან 0-3 დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

საკვალიფიკაციოდან შეუდგა ჭიდაობას თემურ ორჯონიკიძე (77 კგ). საწყის შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელს (4-1) მოუგო. შემდეგ დაამარცხა მოლდაველი (6-5), შვედი (6-3) და უზბეკი (6-2) მეტოქეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 1-4 დამარცხდა უკრაინელ ირფან მირზოევთან და ჩემპიონატი  ვერცხლის მედლით დაასრულა.

გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა აჩიკო ბოლქვაძემაც (87 კგ), რომელმაც ბრინჯაოს ფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე იასინ ბენ ლაბედს 5-1 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლით შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

24 ოქტომბრიდან ასპარეზობას შეუდგება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები.