ბათუმმა კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირებს - „BATUMI OPEN" და „GRAND PRIX" უმასპინძლა

27 ოქტომბერი 2025

25-26 ოქტომბერს, ბათუმში მუხრან ვახტანგაძის სახელობის  სპორტის სასახლეში გაიმართა კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირები - "BATUMI OPEN" და „GRAND PRIX".

ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს 13 ქვეყნის (საქართველო, ლიეტუა, ლატვია, პოლონეთი, საბერძნეთი, გერმანია, უნგრეთი, ისრაელი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ომანი) გუნდებმა.

ტურნირი ორდღიან ფორმატში ჩატარდა და მასში 431 სპორტსმენმა იასპარეზა, მათ შორის, საქართველოს 163 სპორტსმენმა.  ქართველმა კარატისტებმა 36 მედალი მოიპოვეს: 7 ოქრო, 10 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და უცხოელი სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.