საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ჩემპიონობა იზეიმა
23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა კიშინიოვის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და მედლებიც მოიპოვა. გარდა ამისა, ვაჟთა ნაკრებმა მედლების საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, შერეულ გუნდურში კი ჩემპიონობა იზეიმა.
ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ), რომელმაც ესპანელი, პორტუგალიელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები იპონით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ჯაბნიაშვილმა მოლდოველ მიხაილ ლატიშევს იუკოთი მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
ჩემპიონობასთან ახლოს იყო მათე გოგობერიშვილი (-60 კგ), მაგრამ თურქ, ისრაელელ და პოლონელ მოწინააღმდეგეებთან გამარჯვების შემდეგ, სამწუხაროდ, ვაზარით დამარცხდა სომხეთის წარმომადგენელ ვაჰე აღასიანთან.
ფინალამდე ოთხი შეხვედრა ჩაატარა მათე ბერუაშვილმა (-73 კგ). მოუგო სლოვაკ, კოსოვოელ და იტალიელ მეტოქეებს, ნახევარფინალში კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძესთან, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა რუმინელ იოან ძიტაჩთან და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრების მედლების ყულაბას ბრინჯაო შემატა კოტე კაპანაძემ (-81 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბერძენ არის ზარაგკას ორი ვაზარი აართვა.
მესამე ადგილი დაიკავა შალვა გურეშიძემ (+100 კგ). ქართველმა მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაურთან.
ერთი მედალია გოგონათა ნაკრების ანგარიშზეც. ნინო ლოლაძემ (-57 კგ) ბრინჯაოს ფინალში ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვას ორი ვაზარით მოუგო და ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ტატამი შერეულ გუნდურ ტურნირს დაეთმო და მასში საქართველოს ნაკრებმაც (გიორგი ტერაშვილი, ნინო წიკლაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლიზი კვარცხავა, შალვა გურეშიძე, ნინო ლოლაძე) იასპარეზა. შერეულ გუნდურში ჩვენმა ძიუდოისტებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხეს 4-2, შემდეგ თურქეთს მოუგეს 4-1, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი 4-3 გაიმარჯვეს ფრანგებთან და ზედიზედ მეორედ ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ.






