ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია, საბა ინანეიშვილი - ბრინჯაოსი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების გრან პრიზზე ცხრა სპორტსმენით წარსდგა, მათ შორის ორმა კი მედალი მოიპოვა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე გაიკვალა გზა ლუკა მაისურაძემ. მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და სამი ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა კამერუნელი, ფრანგი, ბელგიელი და სერბი მოწინააღმდეგეები და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, მაისურაძე ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ბულგარელ ივალიო ივანოვთან ვაზარით დამარცხდა და ზაგრების გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულა.
ნაკრებს მეორე მედალი შემატა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან იპონით წაგების შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა. 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონმა ასეთი შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენა კიდეც - გადამწყვეტ შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვთან და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.






