ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა აშშ-ის გრან პრიზზე ვერცხლის, ანასტასია გუბანოვამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიათა აშშ-ის ტურნირზე, რომელიც სკეიტ ამერიკას სახელითაა ცნობილი, ლეიკ პლესიდმა უმასპინძლა და მასში წარმატებას მიაღწიეს ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ და წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ.
ქალთა ერთეულებში მოკლე პროგრამაში მიღებული ქულებით (68.07) ანასტასია გუბანოვას მეოთხე შედეგი ჰქონდა, თავისუფალში კი მსაჯებისგან მეორე საუკეთესო შედეგი (136.62) დაიმსახურა, რამაც მას ორივე პროგრამის შედეგად (204.69) ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.
წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სამედლო განაცხადი მოკლე პროგრამაში გააკეთეს, როდესაც ტექნიკურად უშეცდომოდ ისრიალეს და მსაჯებისგან 78.83-ქულიანი შეფასებით რვა წყვილს შორის პირველობა მოიპოვეს.
მეტელკინას და ბერულავას წყვილმა პოზიციები დათმო თავისუფალ პროგრამაში, სადაც მეოთხე შეფასება (116.90) დაიმსახურეს, მაგრამ ორივე პროგრამის ჯამში (195.73), კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ და ვერცხლის მედლებიც დაიმსახურეს.






