ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

26 ნოემბერი 2025

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო. ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს, ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია ჰერას ტაძრის ნანგრევებთან შედგა.

ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დავით ჯალაღანია და ვარლამ ბაძაღუა.

ოლიმპიური ცეცხლის პირველი მეჩირაღდნე გახდა ნიჩბოსნობაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი პეტროს გაიდატზისი.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში დაახლოებით 450 მეჩირაღდნე იქნება ჩართული. ესტაფეტა გაივლის საბერძნეთის არაერთ ღირსშესანიშნაობას, კულტურულ ძეგლს, სპორტულ ცენტრებს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებს: პირგოსს, ამალიადას, კალავრიტას პატრის, აგრინიოს, კარპენისის, კალამბაკას, მეცოვოს, კოზანის, კასტორიას, ფლორინას, ნაუსას, სერეს, დრამას, სალონიკის, ლამიას, არახოვას, ლევადიას და ათენს.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც საბერძნეთში ცხრა დღეს გაგრძელდება და 2200 კილომეტრს მოიცავს, 4 დეკემბერს დასრულდება ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების მასპინძელ, „პანათინაიკოსის" სტადიონზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებისთვის ჩირაღდნის გადაცემის ცერემონიით.

ესტაფეტის იტალიური ვოიაჟი დაიწყება მილანი/კორტინას თამაშებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, 6 დეკემბერს, რომში. ოლიმპიური ცეცხლი სრულად მოივლის იტალიას, მათ შორის კუნძლებს, სარდინიას და სიცილიას. რა თქმა უნდა, ეწვევა კორტინა დ'ამპეცოს, სადაც ასპარეზობათა ნაწილი ჩატარდება.

ოლიმპიური ესტაფეტა დასრულდება 6 თებერვალს, მილანის ოლიმპიურ სტადიონზე (სან სირო) საზეიმო ცერემონიით.