ლაშა ბექაურმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო, გიორგი სარდალაშვილმა და ირაკლი დემეტრაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

30 ნოემბერი 2025

აბუ დაბის გრანდ სლემზე 52 ქვეყნის 373 ძიუდოისტს უმასპინძლეს. მათ შორის იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც, რომელიც საამიროებს რვა წარმომადგენლით ეწვია. ჩვენი გუნდის სამმა წევრმა მედალი მოიპოვა, მათ შორის უმაღლესი სინჯის ჯილდოც.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ). 

ტიტულიანი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაება. მოუგო ნიდერლანდელ, რუსს, სერბ და კორეელ მოწინააღმდეგეებს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი მოლდაველ მიხაილ ლატიშევს დაუპირისპირდა და დაახლოებით ორ წუთში წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და მძიმე წონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა.

სარდალაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ იორ ფერსტრაეტენს ვაზარით მოუგო, დემეტრაშვილმა კი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს იუკოთი სძლია.