ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია, გიორგი ჯაბნიაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
2025 წლის დამაგვირგვინებელ, ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველივე დღეს ისტორიულ შედეგს მიაღწია-ჩვენმა გუნდმა სამი მედალი მოიპოვა, მათ შორის არის უმაღლესი სინჯის მედალიც.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო იყო ილია სულამანიძე (-100 კგ). პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი პრესტიჟულ ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. იუკოთი მოუგო კორეელ ჰან ჩუი იოპს, ვაზარით დაამარცხა რუსი ნიაზ ბილალოვი, ნახევარფინალში წმინდა გამარჯვება მოიპოვა ასევე რუს მატვეი კანიკოვსკისთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი წუთნახევარში იპონით დაამარცხა იაპონელი დოტა არაი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა მესამე ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემის ჩემპიონობა შეძლო. სულამანიძემდე ოქროს მედლებს დაეუფლნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015) და ბექა ღვინიაშვილი(2019).
ტოკიოს გრანდ სლემის 2025 წლის გათამაშება, რომელიც ხვალ დასრულდება, ისტორიულია მოპოვებული მედლების რაოდენობითაც. პირველად მოხდა, რომ ორზე მეტი მედალი გვერგო.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) და ქალთა ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს წლევანდელმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანი გახდა ტოკიოს გრანდ სლემის პირველი მედალოსანი ქალი საქართველოდან.






