ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრ რატნერს შეხვდა
12 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრ რატნერის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის და საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები, მათ შორის - ევროპის სროლის კონფედერაციის ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სროლის სახეობებში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ახალ პროექტებზე. ითქვა, რომ აუცილებელია საქართველოში მოეწყოს თანამედროვე საშეჯიბრო-სავარჯიშო ინფრასტრუქტურა, რათა ნაკრების წევრებმა, ჩვენმა პერსპექტიულმა მსროლელებმა ადგილზე გაიარონ სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტს სტუმრობისთვის: „თქვენ კარგად იცით, რომ ტყვიის სროლა საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, ბოლო პერიოდში ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები წარმატებებს აღწევენ თანატოლთა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში. იმედი გვაქვს, რომ ისინი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლაშიც ჩაებმებიან. ოლიმპიური კომიტეტი მათ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მიზნის მიღწევაში."
თავის მხრივ, ბატონმა ალექსანდრ რატნერმა მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.






