ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ოლიმპიური ჩემპიონის ლერი ხაბელოვის საახალწლო მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო,
მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
სახელით ჩვენს ოლიმპიელებს, სხვადასხვა თაობის სპორტსმენებს,
მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციებისა და სხვა სპორტული
ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო-ტექნიკურ
პერსონალს, მედიის წარმომადგენლებს, სეოკ-ის პარტნიორებს, სპორტის
გულშემატკივრებს, სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი
წელი.
2025 წელს ჩვენი სპორტსმენების შრომამ, მონდომებამ და ძალისხმევამ
ჩინებული შედეგი გამოიღო - მსოფლიოს სხვადასხვა სპორტულ
არენებზე, დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე არაერთხელ აჟღერდა
საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი დროშა. ეს იყო მნიშვნელოვანი
სპორტული გამარჯვებების წელი, რამაც ყველას დიდი სიხარული
მოგვიტანა. ეს არის ჩვენი საერთო წარმატება, ჩვენი ქვეყნის სახელი და
დიდება. ეს წარმატება უზრუნველყო სპორტსმენების, მწვრთნელების,
სპორტული ორგანიზაციების მაღალმა პროფესიონალიზმმა და
პასუხისმგებლობამ, ქვეყნის ხელისუფლების უპრეცედენტო
მხარდაჭერამ.
როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის სპორტული კალენდარი
დატვირთულია მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებებით. მათ შორის
არის მთავარი მულტისპორტული ასპარეზობა - ზამთრის ოლიმპიური
თამაშები, რომელიც თებერვალში იტალიაში გაიმართება და სადაც ჩვენი
სპორტსმენები ისტორიული მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ჩვენს ოპტიმიზმს რეალური საფუძველი აქვს - საქართველოს
მოციგურავეთა გუნდის წევრები თითოეულ ოლიმპიურ დისციპლინაში
მზად არიან კონკურენტებთან ბრძოლისათვის. მოგვიანებით,
შემოდგომაზე სენეგალში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები
ჩატარდება, სადაც საქართველო ასევე სოლიდური სპორტული
დელეგაციით წარდგება.
გაისად ჩვენი სპორტსმენები გამოვლენ ტრადიციულ დიდ ტურნირებზე
- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სხვა მნიშვნელოვან
საერთაშორისო შეჯიბრებებზე. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ჩვენს
სპორტსმენს, ნაკრებ გუნდებს, მთლიანად ქართულ სპორტს მომავალ
სპორტულ სეზონში.
გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს,
ბედნიერებას და დიდ გამარჯვებებს. მჯერა, რომ მომავალი წელი კიდევ
უფრო მეტ სიხარულს, მედლებსა და მიღწევებს მოგვიტანს როგორც
ოლიმპიურ, ისე არაოლიმპიურ სახეობებში.
ერთიანი ძალებით და ოლიმპიური სულისკვეთებით, წინ ახალი
გამაჯვებებისკენ!
პატივისცემით,
ლერი ხაბელოვი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი,
ოლიმპიური ჩემპიონი






