2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოებას ექსკლუზიურად იტალიის ხელისუფლება უზრუნველყოფს
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა დეტალურად წარმოადგინეს უსაფრთხოების სტრუქტურა და ხაზი გაუსვეს, რომ სრულ კონტროლს თავად უზრუნველყოფენ.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები, რომელი 6 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება, იტალიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უსაფრთხოების ოპერაციად არის აღიარებული. მასპინძლებს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ერთდროულად უმთავრეს საშეჯიბრო ცენტრებში - მილანში და კორტინა დ'ამპეცოში, ასევე ჩრდილოეთ იტალიის სხვა არენებზე მოუწევთ.
თამაშებში დაახლოებით 3500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო გულშემატკივართა და სტუმართა რაოდენობა ორ მილიონამდე იქნება, მათ შორის 60 ათასი ადამიანი დაესწრება გახსნის ცერემონიას „სან სიროს" სტადიონზე.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო პიანტედოზის განცხადებით, უსაფრთხოების სტრატეგია მოიცავს ფართო ძალების განთავსებას, დაზვერვაზე დაფუძნებულ პრევენციულ ზომებს და კიბერუსაფრთხოების 24-საათიან კონტროლს. ოლიმპიური ობიექტების დაცვაზე იზრუნებს დაახლოებით 6 ათასი სამართალდამცველი, ჩაიკეტება საჰაერო სივრცე, ან რიგი საფრენი ზონები.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იტალიის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას, როგორც ყოველთვის, ექსკლუზიურად იტალიის ხელისუფლება უხელმძღვანელებს და მხოლოდ ის იქნება პასუხისმგებელი.
ამ განმარტებას წინ უძღოდა აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) განცხადება, რომლის მიხედვითაც იტალიაში აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხოებაზე ICE იზრუნებდა.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაძაბულობის შესამსუბუქებლად განმარტავს, რომ ICE-ის თანამშრომლები მხოლოდ აშშ-ის დიპლომატიურ შენობებში, მათ შორის მილანის საკონსულოში იმუშავებენ და „ადგილზე წესრიგის დამცველებად" არ იქნებიან.






