შეხვედრა სეოკ-ში
2 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIEPS) ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი ბრანისლავ ანტალა და FIEPS ევროპის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი დარიო ნოვაკი. სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
აღნიშნული ვიზიტი უკავშირდება 2028 წელს საქართველოში გასამართ FIEPS-ის XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მოსამზადებელ ეტაპს. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 250 დელეგატი - მეცნიერები, აკადემიკოსები და სპორტის სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნება ამიერკავკასიაში FIEPS-ის პირველი რეგიონალური ოფისი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებისათვის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში.
აღნიშნული საერთაშორისო კონგრესს საქართველოში უმასპინძლებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
FIEPS European Congress წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესს, რომელიც ფოკუსირებულია ფიზიკური აღზრდის, სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში სწავლა-კვლევაზე, პრაქტიკაზე და შესაბამისი პოლიტიკის გატარებაზე. კონგრესის ორგანიზატორია FIEPS Europe - ევროპის რეგიონალური ფილიალი Fédération Internationale d'Éducation Physique et Sportive (FIEPS)-ის, რომელიც ცნობილია როგორც ფიზიკური და სპორტული განათლების საერთაშორისო ფედერაცია.
FIEPS დაარსებულია 1923 წელს და დღემდე აქტიურად უწყობს ხელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებას გლობალურ დონეზე, მჭიდრო თანამშრომლობით ისეთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UNESCO, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და სხვა.






