საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრებით დაიწყო
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე, სარბიელზე მოციგურავეები გავიდნენ, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენლებიც, რომლებმაც იასპარეზეს სპორტულ ცეკვებში, სპორტულ წყვილებში და ქალთა ერთეულებში.
საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, სეოკ-ის და სპორტის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელები.
საქართველო, რომელმაც მისთვის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შედეგის (მეექვსე ადგილი) გაუმჯობესებას და მედლისთვის ბრძოლას შეეცდება.
საქართველოს ნაკრებიდან სარბიელზე პირველი დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი წარდგა, რომელმაც სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამა შეასრულა, მსაჯებისგან 78.97 ქულა დაიმსახურა და ათ გუნდს შორის მეექვსე ადგილით გუნდური 5 ქულა გამოიმუშავა.
მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე გუნდურში იასპარეზა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მოკლე პროგრამა თითქმის უნაკლოდ შეასრულეს და 77.54 ქულით მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს, რაც ოთხწლეულის უმთავრეს სარბიელზე ნაჩვენები უდავოდ დიდი შედეგია.
გარდა ამისა, მოკლე პროგრამაში ნაჩვენები შედეგით მეტელკინა/ბერულავამ გუნდური 9 ქულა გამოიმუშავა, რამაც თავის მხრივ, საუკეთესო ხუთეულში დაგვაწინაურა.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა პირველი საშეჯიბრო დღე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვას ასპარეზობით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელმა ანასტასია გუბანოვამ, გუნდურში შესრულებული მოკლე პროგრამით მსაჯებისგან 67.79-ქულიანი შეფასება მიიღო, მეხუთე ადგილი დაიკავა და 6 ქულა შემატა საქართველოს ნაკრებს.
გუნდურში ასპარეზობის პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს ნაკრები აშშ-ის, იაპონიის და იტალიის შემდეგ 20 ქულით მეოთხე ადგილზეა.
7 თებერვალს, მამაკაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამაში იასპარეზებს ნიკა ეგაძე. ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლის შემდეგ, საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრების ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში, ასევე ხვალ თავისუფალი პროგრამით წარდგება დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი.
აღსანიშნავია, რომ გუნდურში 10 უძლიერესი ნაკრებია წარმოდგენილი (აშშ, იაპონია, კანადა, იტალია, საქართველო, საფრანგეთი, კორეა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და პოლონეთი), რომლებმაც XXV ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) საკვალიფიკაციო რეიტინგის თანახმად მოიპოვეს. გასათვალისწინებელია, რომ გუნდურში ასპარეზობისთვის აუცილებელი იყო მინიმუმ პროგრამის სამ სახეობაში ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება. საქართველოს ნაკრებმა შესაბამისი ლიცენზიები სრულად მოიპოვა და შესაბამისად მილანი/კორტინას სარბიელზე გუნდურში ასპარეზობის უფლებაც.
დღეს საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების- მილანი/კორტინა 2026 გახსნის საზეიმო ცერემონია.






