საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა

07 თებერვალი 2026

საქართველოს ნაკრებმა შეძლო და ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრების ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟთა მოკლე პროგრამა იყო იმის განმსაზღვრელი, თუ ვინ მოიპოვებდა გუნდურის ფინალში გამოსვლის უფლებას. ამ მხრივ, მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ნიკა ეგაძეზე. სწორედ მის ასპარეზობაზე იყო დამოკიდებული ვიხილავდით თუ არა საქართველოს ნაკრებს ფინალურ და შესაბამისად საუკეთესო ხუთეულში.

6 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ნაკრებმა სპორტულ ცეკვებში, სპორტულ წყვილებში და ქალთა ერთეულებში 20 ქულა გამოიმუშავა და აშშ-ის, იაპონიის და იტალიის შემდეგ, მეოთხე ადგილზე იყო. ასე რომ,  აუცილებელი იყო ხუთეულში ადგილის შენარჩუნება.

ნიკა ეგაძეს - ევროპის მოქმედ ჩემპიონს სტარტზე მცირე ხარვეზები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მაინც მოუპოვა.

ნიკა ეგაძემ მსაჯებისგან 84.37-ქულიანი შეფასება მიიღო, უძლიერეს ათეულში მეექვსე ადგილზე გავიდა და 5 ქულა გამოიმუშავა.

შედეგად, საქართველოს გუნდმა მოკლე პროგრამაში 25 ქულა დააგროვა და შესაბამისი მაჩვენებლით აშშ-ის, იაპონიის, იტალიის და კანადის შემდეგ გუნდური მეხუთე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ასე რომ, უძლიერეს ხუთეულში მედლებისთვის ბრძოლა თავისუფალი პროგრამით გავაგრძელეთ.

მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღის ბოლოს სპორტულ ცეკვებში ვიხილეთ დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.

საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამაში მსაჯებისგან 117.82-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს და უძლიერეს ხუთეულში მეოთხე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება გუნდურში გამომუშავებულ ქულებს, საქართველოს ნაკრებმა თავისი მონაგარი 7 ქულით გაზარდა და საერთო ჩათვალში ამ მომენტისთვის 32 ქულით მეხუთე ადგილზეა. 44 ქულით პირველზეა აშშ-ის გუნდი, შემდეგ მოდის იაპონია (39), იტალია (37) და კანადა (35).

8 თებერვალს თავისუფალი პროგრამით დაიხურება გუნდური ასპარეზობა. თავისუფალში გამომუშავებული ქულებით გამოვლინდებიან მედალოსნებიც. საქართველოდან სარბიელზე გავა ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას წყვილი, ქალთა ერთეულებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს ანასტასია გუბანოვა, ვაჟებში - ნიკა ეგაძე. სწორედ მათი შედეგები იქნება იმის განმსაზღვრელი მოვხვდებით თუ არა მედალოსნებში.