დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალური ასპარეზობები მოკლე პროგრამაში სპორტული ცეკვებით განახლდა. 23 მონაწილე წყვილს შორის წარდგა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.
საქართველოს წარმომადგენლებმა მსაჯებისგან 77.15-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს და მოკლე პროგრამაში მე-13 ადგილი დაიკავეს. შედეგად, დევისი/სმოლკინის წყვილს 11 თებერვალს თავისუფალ პროგრამაშიც ვიხილავთ (თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლებისთვის აუცილებელი იყო 20 საუკეთესო წყვილს შორის მოხვედრა).
10 თებერვალს Forum di Milano-ს ყინულის მოედანზე მოკლე პროგრამით წარდგება ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე.






