ნინო წიკლაურმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ იასპარეზა და გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა

15 თებერვალი 2026

მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში გათამაშდა მედლები. 76 მოთხილამურეს შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი ნინო წიკლაური.

ქართველმა სპორტსმენმა პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 55-ე შედეგით - 1:12.39 წუთში გადაკვეთა. მეორე დაშვებისას უკეთ გაიარა ტრასა და 49-ე შედეგი - 1:19.40 წუთი დააფიქსირა. ორი დაშვების ჯამში კი 2:31.79 წუთი დაუგროვდა, ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.

ჩემპიონი გახდა იტალიელი ფრედერიკა ბრინიონე, თანაბარი შედეგის დაფიქსირების გამო ვერცხლის მედლები  ერგოთ შვედ სარა ჰექტორს და ნორვეგიელ ტეა ლუისა სტერნესუნს.

აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო  მონაწილეობა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მხრივ, რეკორდსმენი უკეთესი შედეგის ჩვენებას 18 თებერვალს, სლალომში შეეცდება.