მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა
მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. განსხვავებით გახსნის ცერემონიისგან, რომელსაც მილანის სან სიროს ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა, დახურვის ცერემონიისთვის მასპინძლებმა არჩევანი გააკეთეს ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე (Arena di Verona). იტალიელებმა ამგვარად ხაზი გაუსვეს ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობას.
დახურვის ცერემონიის თავისებური შესავალი იყო ვერონას ანტიკური არენის კულისებში თუ დიდ სცენაზე გაცოცხლებული საოპერო წარმოდგენის ფრაგმენტები.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია უფრო შთამბეჭდავი საოპერო დადგმა იყო - მასშტაბური ქორეოგრაფიული ნომრებით, ვიზუალურად შთამბეჭდავი სანახაობით, რასაც შიგადაშიგ შუქ-დიოდურ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა კოსტიუმირებული თანამედროვე ხელოვნება, მუსიკა, მასშტაბური პროექციები ანტიკური არენის კედლებზე და თანამედროვე განათების სისტემები.
ორგანიზატორებმა ანტიკურ არენაზე ოლიმპიური ცეცხლიც შემოაბრძანეს და ამგვარად აზიარეს ვერონა ოლიმპიურ თამაშებს (საგულისხმოა, რომ ვერონაში ოლიმპიური შეჯიბრებები არ ჩატარებულა).
შედგა ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციული აღლუმი, დროშების შემოტანა.
საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური- ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა - ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მედლების საერთო ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ნორვეგიელებმა: 18 ოქრო, 12 ვერცხლი, 11 ბრინჯაო. მეორე ადგილზეა აშშ-ს ნაკრები ( 12 ოქრო, 12 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), მესამეზე - ნიდერლანდები (10 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო). საქართველოს გუნდმა 1 ვერცხლის მედლით 25-ე ადგილი დაიკავა. თამაშებში მონაწილე 92 ქვეყნიდან , მედლის მოპოვება მხოლოდ 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს.
დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ 50 კილომეტრზე თხილამურებით რბენაში ჩემპიონ-პრიზიორები, როგორც ქალებში, ასევე კაცებში.
შედგა დახურვის ცერემონიის ოფიციალური ნაწილი: მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი საფრანგეთის ალპებისთვის ოლიმპიური დროშის გადაცემის ცერემონია.
სიტყვით გამოვიდნენ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯოვანი მალაგო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი.
IOC-ის პრეზიდენტმა სიტყვის ბოლოს XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა: „ძვირფასო მეგობრებო, ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებს მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში დახურულად ვაცხადებ. ტრადიციისამებრ, მოვუწოდებ მსოფლიოს ახალგაზრდობას ოთხი წლის შემდეგ შეიკრიბონ საფრანგეთის ალპებში, რათა ყველამ ერთად აღვნიშნოთ XXVI ოლიმპიური თამაშები. შევხვდებით 2030 წელს."
მილანში, „მშვიდობის თაღთან," გლორია კამპანელის მუსიკის თანხლებით ჩაქრა ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც 16 დღის განმავლობაში ენთო. ამით სიმბოლურად დასრულდა ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობა.






