ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა

08 მარტი 2026

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა  ავსტრიის გრან პრიზე, სადაც 11-კაციანი გუნდით წარდგა, ორი მედალი მოიპოვა. შედგა ქართული ფინალიც.

ჩვენი გუნდისთვის ყველაზე შედეგიანი გამოდგა -90 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ტატო გრიგალაშვილით და ლუკა ჯავახიშვილით.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროს და ორი ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი გრიგალაშვილი ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა ბრიტანელ (ოქროს ქულით), ჩეხ, ესპანელ და ბრაზილიელ (ოქროს ქულით) მოწინააღმდეგეებთან და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ტიტულიანმა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელი ლუკა ჯავახიშვილი დაამარცხა.

ლუკა ჯავახიშვილი, იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონი, ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატებზე ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, გრან პრიზე გამოსვლას ასევე მეორე წრიდან შეუდგა. მომავალმა ფინალისტმა მოუგო გერმანელ, იტალიელ, ისრაელელ და ფრანგ ძიუდოისტებს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი გამოცდილ თანაგუნდელთან იპონით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. 

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის მედლით ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.