საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

09 მარტი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და მიღწეული წარმატებები მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ორბელიანების სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ისტორიული სპორტული მიღწევისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები: ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე; ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას პირადი მწვრთნელი პაველ სლიუსარენკო, ნიკა ეგაძის პირადი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის 50-50 ათასი ლარი გადაეცემა. ვერცხლის მედალოსან ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას სპორტულ წყვილს კი 500-500 ათასი ლარი.