საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ ააჟღერა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, როგორც თბილისის გრანდ სლემის მასპინძელი, ასპარეზობაში მეტად წარმომადგენლობითი გუნდით ჩაება. მთლიანობაში კი ტატამზე გავიდა 51 ქვეყნის 386 ძიუდოისტი. მათ შორის, ოქროს მედალი მოიპოვა რვა ქვეყნის წარმომადგენელმა. ორჯერ გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.
საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე შედეგიანი გამოდგა -90 კილოგრამ წონითი კატეგორია და მძიმე წონა.
ჩვენი გუნდიდან ოქროს მედალი პირველმა მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ). მომავალი ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ლიეტუველი, სერბი, ბელგიელი და უზბეკი მოწინააღმდეგეები და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მაისურაძე სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა და ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში იუკოთი გაიმარჯვა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა, რომელსაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თანაგუნდელ აკაკი ჯაფარიძესთან მოუწია ორთაბრძოლა.
საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შესძინა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელიც ასპარეზს ასევე მეორე წრიდან შეუდგა. ქართველმა მძიმეწონოსანმა დაამარცხა პოლონელი, კვიპროსელი და ნიდერლანდელი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი გერმანელ ლოსენი კონეს იპონით აჯობა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს არტიომ ზოლოტუხინს ვაზარით მოუგო.
გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალოსნები ასევე გახდნენ თორნიკე გიგაური (-66 კგ) და გიორგი ლოლაძე (-73 კგ).






