გიორგი სარდალაშვილმა თბილისის ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გახსნა
უმსუბუქესი წონაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე გაიკვალა გზა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანმა პირველ შეხვედრაში გერმანელ მაქსიმილიან ჰეიდერთან ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში იუკოთი გაიმარჯვა. მეორე შეხვედრაში ვაზარით მოუგო ბელგიელ იორე ფერსტაპენს. ნახევარფინალში გასულმა ასევე ვაზარით დაამარცხა აზერბაიჯანელი ბალაბაი აგაევი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სარდალაშვილი ოქროს მედლისთვის შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ ლუკა მხეიძესთან დამარცხდა.
დღეს ასევე იასპარეზეს ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ), ჯულიეტა როდონაიამ (-48 კგ) და ნინო თათრიშვილმა (-52 კგ), მაგრამ ევროპის ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშნენ.
თბილისის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო მეორედ მასპინძლობს, 46 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტია წარმოდგენილი. მათ შორის, საქართველო პირველად ასპარეზობს სრული შემადგენლობით როგორც ქალებში, ისე კაცებში.






