ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს

17 აპრილი 2026

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ასპარეზობა. ორივე შემთხვევაში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალამდე გაიკვალა გზა. პირველ შეხვედრაში ოთხი იუკოს ხარჯზე მოუგო ისლანდიელ ელის ბიორას. ასევე იუკოთი დაამარცხა იტალიელი ვერონიკა ტონოლო. მეოთხედფინალში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, ვაზარით გაიმარჯვა რუს ქსენია გალიცკაიასთან. ასევე ოქროს ქულამდე გაგრძელდა ნახევარფინალი, სადაც ლიპარტელიანმა წმინდა გამარჯვება მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იპონით გაიმარჯვა ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევისთან და ჩემპიონობა იზეიმა.

საჩემპიონო ასპარეზობა ჰქონდა საქართველოს ვაჟთა ნაკრების ყველაზე გამოცდილ წევრს, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ). 

ტიტულიანი ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა ფინელი ვალტერ ოლინი. მეორე შეხვედრაში რუმინელი მეტოქის გამოუცხადებლობის გამო, ქართველ ძიუდოისტს ავტომატურად გამარჯვება ჩაეთვალა. ოქროს ქულამდე გაგრძელდა მეოთხედფინალიც, სადაც გამოცდილმა ქართველმა კოსოვოელი აკილ გიაკოვა იპონით დაამარცხა. ასევე ოქროს ქულით - იპონით მოუგო ფრანგ ჟან ბენჟამინ გაბას და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. შავდათუაშვილს ოქროს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან მოუწია დაპირისპირება. შეხვედრა აქაც ქართველის გამარჯვებით და საქართველოს ჰიმნის აჟღერებით დაგვირგვინდა.