ლუკა მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილმა - ვერცხლის
ძიუდოში თბილისის ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ვაჟთა შორის მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. ორივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა შედეგიანად იასპარეზა. ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ფინალებში იასპარეზეს, აქედან ერთხელ საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროს და ორი ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამი ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება.
ტიტულიანმა ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე მაგომედ ბორჩაშვილი ორი ვაზარით დაამარცხა. მეორე შეხვედრაში იუკოთი მოუგო ბერძენ არის ზარაგკასს, ასევე იუკოთი გაიმარჯვა ფინელ მეტოქესთან. ოქროს ქულამდე გაგრძელებულ ნახევარფინალში იუკოთი მოუგო აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იპონით დამარცხდა რუს ტიმურ არბუზოვთან.
მეორე წრიდან შეუდგა ასპარეზობას ლუკა მაისურაძეც (-90 კგ.) მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს და სამი ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა, ასევე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა პირველ შეხვედრაში ვაზარით მოუგო ისრაელელ მოწინააღმდეგეს. ვაზარით დაამარცხა სერბი ისლამ სოგენოვი. წმინდა გამარჯვება მოიპოვა ბულგარელ ივაილო ივანოვთან. ნახევარფინალში ვაზარით გაიმარჯვა რუმინელ ალექს კრეტთან და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელ სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა და ვაზარით წარმატებას მიაღწია. შედეგად, ლუკა მაისურაძემ ევროპის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
ამავე წონაში იასპარეზა ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანმა, ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა ლაშა ბექაურმა. ტიტულიანი ქართველი ფინალისკენ მიმავალ გზას ნახევარფინალში ნემანია მაიდოვთან იპონით წაგების შემდეგ ჩამოშორდა და ბრინჯაოსთვის გააგრძელა ასპარეზობა, მაგრამ სამწუხაროდ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგ მეტოქესთსან ორი იუკოთი დამარცხდა.
-90 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძემ დააჯილდოვა.
დღესვე -70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზეს ნინო გულბანმა და მარიამ ჭანტურიამ, მაგრამ სამწუხაროდ, ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ შეჯიბრებას.






