საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გურამ თუშიშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

19 აპრილი 2026

ძიუდოში თბილისის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ვაჟთა ნაკრების ორი მედლის მოპოვებით და საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. 

ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე განსაკუთრებული გამოდგა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ოქროს, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელ გურამ თუშიშვილისთვის. 

ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალამდე გაიკვალა გზა. პირველ შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა კვიპროსელ მოწინააღმდეგესთან, ასევე სუფთა გამარჯვება მოიპოვა თურქ მეტოქესთან. ნახევარფინალში სუფთა გამარჯვება ჰქონდა რუს ვალერი ენდოვიცკისთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ვაზარით გაიმარჯვა ჩეხ ლუკას კრპალეკთან და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო ილია სულამანიძე (-100 კგ). ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ილია სულამანიძემ პირველ შეხვედრაში ბრიტანელ ოლივერ ბარატთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ასევე იპონით დაამარცხა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი, მაგრამ სამწუხაროდ, მეოთხედფინალში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, ვაზარით დამარცხდა რუს ნიაზ ბილალოვთან და რეპეშაჟში გააგრძელა ასპარეზობა.

სულამანიძემ ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე შვეიცარიელ მეტოქესთან სუფთა გამარჯვება მოიპოვა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ნახევარფინალში წესების უხეში დარღვევისთვის (ჰანსოკუ-მაკე) დასჯილი აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევის ტურნირიდან მოხსნის გამო, გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.

შედეგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიმსახურა.

ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ვერცხლის მედლები ერგოთ გიორგი სარდალაშვილს (-60 კგ), ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა ილია სულამანიძემ (-100 კგ).