გოდერძი ბერდელიძემ და რამინ შამილიშვილმა ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვა.
კონტინენტის პირველობა კარგად დაიწყო 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრები ორი ძალოსნით - გოდერძი ბერდელიძით და რამინ შამილიშვილით იყო წარმოდგენილი.
ბერდელიძემ ორჭიდში ჩემპიონობისთვის მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა ატაცში დაძლეული 125 კილოგრამით, რამაც მას ოქროს მედალი მოუტანა.
შედეგიანად დაიწყო გამოსვლა რამინ შამილიშვილმაც, რომელმაც საწყის დისციპლინაში 122 კილოგრამის დამორჩილებით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო ასპარეზობები აკვრაში. ოქროს მედლის მოპოვების კანდიდატმა, გოდერძი ბერდელიძემ 146 კილოგრამის დაძლევისას მარჯვენა მხარზე ტრავმა მიიღო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ორჭიდში სამეულამდე კილოგრამი დააკლდა შამილიშვილს, რომელიც 146 კილოგრამით მეექვსე იყო აკვრაში, ორჭიდში დაგროვილი 268 კილოგრამით კი მეოთხე.






