ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
20 აპრილს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 45 ქვეყნის 250 სპორტსმენი. ჩემპიონატმა სტარტი 19 აპრილს აიღო და 26 აპრილს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ძალოსანთა მთავარ კონტინენტურ შეჯიბრებას საქართველო მესამედ მასპინძლობს.
გახსნის ცერემონიის ნაწილი დაეთმო ქართულ ფოლკლორს, ქვეყნის ისტორიის წარმოჩენას და გამორჩეული ძალოსნების დაჯილდოებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები და ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორები, სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ასტრიდ ჰასანი, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.
გახსნის ცერემონიაზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ (EWF) სპორტის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) - „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის" ჯილდო გადასცა ალბანელ და უკრაინელს სპორტსმენებს.
ღონისძებაზე სპორტსმენების, მწვრთნელების და მსაჯების სახელით დაიდო ფიცი.
დაჯილდოვდნენ 2025 წლის ევროპის საუკეთესო ქალი და კაცი ძალოსნებიც. ქალებში საუკეთესოდ დასახელდა ნორვეგიელი სოლფრიდ კოანდა, მამაკაცებში ბულგარელი კარლოს ნასარი.
EWF-მა ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოთი- სპორტული ღირსების ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე.
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ჯილდოები გადასცა სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს ასტრიდ ჰასანს.






