ვახტანგ ლოლუამ და რამაზ ზოიძემ ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს

21 აპრილი 2026

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის შედეგიანად დაიწყო ტირანას (ალბანეთი) ევროპის ჩემპიონატი. ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რაც გარანტირებულ მედლებს ნიშნავდა, გასარკვევი მხოლოდ ის იყო, რა ხარისხის ჯილდოებს მოიპოვებდნენ. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ოქროს მედლები მეტოქეებს დარჩათ. 

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში (55 კგ) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა ჩემპიონატში მეოთხედფინალიდან ჩაება. 9-0 დაამარცხა ბულგარელი სტეფან გრიგოროვი, შემდეგ 3-1 მოუგო სომეხ მანველ ხაჩატრიანს და ფინალშიც გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში 1-2 დამარცხდა ევროპის მოქმედ ჩემპიონ, ნეიტრალური ათლეტ ემინ სეფერშაევთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

შარშანდელი ფინალი განმეორდა 77კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი რამაზ ზოიძე შეჯიბრებას საკვალიფიკაციოდან შეუდგა. დაამარცხა ესპანელი, ხორვატი და სერბი მეტოქეები, ნახევარფინალში 8-0 მოუგო უნგრელ  მოწინააღმდეგეს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ სომეხ მალხას ამოიანს დაუპირისპირდა და მეტოქის მხრიდან ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით 1-1 დამარცხდა.