იური ლომაძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, დიეგო ჩხიკვაძემ და გელა ბოლქვაძემ - ბრინჯაოსი
ტირანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებიდან ფინალამდე გაიკვალა გზა იური ლომაძემ (72 კგ).
მომავალი მედალოსანი ჩემპიონატში საკვალიფიკაციოდან ჩაება. გამარჯვება მოიპოვა ნეიტრალურ ათლეტ კამილ ახმეტვალეევთან, ვისაც 6-0 მოუგო. ასევე ადვილად მიაღწია წარმატებას ხორვატ პაველ პუკლავეჩთან - 11-0. ნახევარფინალში 3-2 დაამარცხა თურქი ჩენგიზ არსლანი და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ფრანგ იბრაჰიმ ჰასან განემთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის არაერთი მედლის მფლობელმა დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვედ ნიკლას ოჰლენს მოუგო.
ასევე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გელა ბოლქვაძე (82 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთის შეხვედრაში მოლდაველ მიხაილ ბრადუ დაამარცხა.
ერთი დღით ადრე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.






