ზურაბ მსხალაძემ და მანუჩარ გოგოხიამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდისთვის წარმატებული იყო 88 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც საქართველო ორი ძალოსნით - ზურაბ მსხალაძით და მანუჩარ გოგოხიათი იყო წარმოდგენილი.
მანუჩარ გოგოხიამ ატაცში 166 კილოგრამის დაძლევით კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ზურაბ მსხალაძემ, რომელსაც 163 კილოგრამის დაძლევით მეხუთე ადგილი აღმოაჩნდა, რაც თავის მხრივ, ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვების საკმარის პერსპექტივას სახავდა.
საქართველოს ნაკრების წევრები უკეთესი პოზიციების დაკავებას აკვრაში შეეცადნენ. გოგოხიასთვის შედეგიანი მხოლოდ პირველი ცდა გამოდგა, სადაც მან 192 კილოგრამი დაძლია და შესაბამისი დისციპლინაში მე-9 ადგილი დაიკავა, ორჭიდის შედეგად კი მე-4 საფეხური ერგო.
გაცილებით უკეთ გამოვიდა მსხალაძე, რომელმაც ატაცში სამეულს მიღმა დარჩენა აკვრაში და ორჭიდის ჯამში აინაზღაურა. საქართველოს წარმომადგენმა აკვრაში 200 კილოგრამი დაძლია, რამაც მას ოქროს მედალი მოუტანა. მსხალაძე ვერცხლის მედალოსანი გახდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 363 კილოგრამით.
დღესვე იასპარეზა ქალთა ნაკრების წევრმა ნანა ხორავამ (77 კგ), თუმცა ორჭიდის შედეგად დაგროვილი 237 კილოგრამით ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.






