აკაკი ქემერტელიძემ და გივი მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

25 აპრილი 2026

ტირანაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე მედლების პირველი ხუთი კომპლექტისთვის იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, თუმცა აქედან ჩვენი გუნდისთვის ორი წონა გამოდგა შედეგიანი.

70 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის წარმომადგენელი აკაკი ქემერტელიძე მეოთხედფინალში ინდივიდუალურ ნეიტრალ ათლეტთან და მომავალ ჩემპიონ დავიდ ბაევთან 3-11 დამარცხდა, თუმცა მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანმა ქართველმა ფალავანმა შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენა. რეპეშაჟში 4-0 მოუგო ინდივიდუალურ ნეიტრალ ათლეტ გიორგი კოლიევს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელი ალექსეი ბორუტა დაამარცხა ასევე 4-0 და ამით შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

ასევე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატების სამი ოქროს მფლობელი გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მისთვის მეოთხე ოქროს მოპოვების შანსი ნახევარფინალში სლოვაკეთის წარმომადგენელ ბატირბეკ ცაკულოვთან 1-12 დამარცხებით დაკარგა. ბრინჯაოს ფინალში კი უნგრელ რიჩარდ ვეგს 5-3 მოუგო და კოლექციას ევროპის ჩემპიონატების პირველი ბრინჯაო შემატა.

სამწუხაროდ, ნაადრევად გამოეთიშნენ ჩემპიონატს რობერტ დინგაშვილი (57 კგ),  ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ).